RT Crystalline - шаблон joomla Mp3

 T Bibileishvili  ნებისმიერი შემოქმედებითი კოლექტივის სახე ხელმძღვანელის მხატვრული ფანტაზიით, განათლებით, ოსტატობით და მხატვრული გემოვნებით არის განსაზღვრული.

   შემოქმედებითი კოლექტივის ხელმძღვანელი, პირველ რიგში, ნათელი პიროვნება უნდა იყოს. სუხიშვილების ლეგენდარული ანსამბლის, რომელიც ბალეტის მხატვრულ დონემდე ამაღლდა მისი ხელმძღვანელების ქალბატონ ნინო რამიშვილისა და ბატონ ელიკო სუხიშვილის პიროვნული ღირსებებით იყო მონოლითური კოლექტივი. ამ ანსამბლის მოცეკვავე ყოველთვის გრძნობდა თავს მყარ ზნეობრივ გარემოში.

   ქორეოგრაფი თემურ ბიბილეიშვილიც პიროვნებაა, რომელიც საკუთარი პრინციპებით ხელმძღვანელობს შემოქმედებითი კოლექტივის როგორც ჩამოყალიბების, ისე მისი შემოქმედებითი ცხოვრების მთელ მანძილზე.

   ნაშრომს ვიწყებთ ანსამბლის ხელმძღვანელის შესახებ თხრობით და

შემდეგაც ხშირად გვექნება ხაზგასმით საუბარი ბატონ თემური ბიბილეიშვილის დამსახურების შესახებ. ეს კანონზომიერად მიგვაჩნია იმიტომ, რომ იგი არის არა მხოლოდ დირექტორი ანსამბლისა, არამედ მისი შემქმნელი, დამაარსებელი, ნულიდან დამწყები და მწვერვალამდე მიმყვანი. თემურ ბიბილეიშვილმა არა მარტო შექმნა ანსამბლი, არამედ შეიმუშავა ბავშვთა ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მუშაობის ორიგინალური მეთოდოლოგია, რაზეც ვრცლად გვექნება ქვემოთ საუბარი. ამ მეთოდოლოგიით განსხვავდება მისი ანსამბლი არსებულ ბავშვთა ანსამბლებისაგან. ამასთან მისი უშუალო დამსახურებაა, რომ 2009 წლის 8 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო დადგენილება ბავშვთა ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში აღზრდილი პროფესიონალ ჭაბუკთა შემოქმედების საფუძველზე ბათუმის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ჩამოყალიბების შესახებ. ამჟამად მუშაობს ანსამბლი „ხორუმი“–1–ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი და „ხორუმი“–2– ბავშვთა ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი.

   ანსამბლ „ხორუმის“ შემოქმედი თემური ბიბილეიშვილის პიროვნებისა და შემოქმედების შესახებ საინტერესო წერილები აქვთ გამოქვეყნებული პროფესორ რეზო ჭანიშვილს, ქართული ცეკვების მკვლევარს ქორეოგრაფ ზაურ ლაზიშვილს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის თეიმურაზ კომახიძეს, ჟურნალისტებს ვლადიმერ დარჩიას, მანანა მიქელაძეს და სხვ.

   თემურ ბიბილეიშვილი დაიბადა 1939 წელს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ხოლო 1947 წლიდან მისი მშობლები მუდმივ საცხოვრებლად ქ.ბათუმში გადმოვიდნენ. ქორეოსოფია – ცეკვით აზროვნების ნიჭი–ცნობილმა მეცნიერმა და მწერალმა ლევან სანიკიძემ დაამკვიდრა. იგი თვლიდა, რომ სიბრძნის მეტყველების დარად ცეკვით მეტყველება და ხალხის ხასიათის გადმოცემის სიბრძნე ეროვნული კულტურის დიდი საგანძურია. შემთხვევით არ უწოდებენ ქართულ ცეკვას მსოფლიოს მერვე საოცრებას. იქნებ ეს შედარება მთლად ზუსტი არ იყოს, მაგრამ რისი მოწმეც ჩვენ ვართ ,ქართული ცეკვა მართლაც აოცებს დღევანდელ მსოფლიოს. ქორეოსოფიის მადლმოსილი ნიჭი ბუნებით თან დაჰყვა თემურ ბიბილეიშვილს. ის ჯერ კიდევ დაწყებითი სკოლის მოსწავლე იყო, როცა თავდავიწყებით ეტრფოდა ცეკვას. საათობით შეეძლო ერთ საცეკვაო ილეთზე ევარჯიშა რათა მიეღწია სრულყოფისათვის. იმ სკოლაში ძალიან მაღალ დონეზე იდგა მოსწავლეთა თვითშემოქმედება. გაკვეთილების შემდეგ მთელი დატვირთვით მუშაობდა მოსწავლეთა სიმღერისა და ცეკვის წრეები. თემური კი როგორც კი დოლის ხმას გაიგონებდა, უმალ ცეკვისკენ მიუწევდა გული. მაგრამ სოფლიდან ჩამოსული ბავშვი ვერ ბედავდა ცეკვის სასკოლო წრეში შესვლას. სამაგიეროდ ჩაეწერა სიმღერის გუნდში, რომ შესაძლებლობა ჰქონოდა ცეკვებისათვის ედევნებითა თვალი. სახლში დაბრუნებული კი გულდაგულ ვარჯიშობდა საცეკვაო ილეთების ათვისებისათვის. „ერთხელ–იგონებს თემური,–ჩვენს ოჯახში სტუმრად გვეწვია ქორეოგრაფი აბდულ დიასამიძე. ჩემი ძმა იური მასთან მოსწავლეთა ცეკვის ანსამბლში აკორდეონზე უკრავდა. გასმები გავაკეთე და ბატონი აბდული დაინტერესდა ჩემით. ასე მოვხვდი მისი წყალობით ანსამბლში, სადაც უფროსი კლასელები ცეკვავდნენ. მე ბედმა გამიღიმა და სოლისტი გავხდი“. შემდეგ როცა ეწია საწადელს და ბათუმის კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებლის სტუდენტი გახდა, ღრმად გაიაზრა ქორეოგრაფიის სიბრძნის საიდუმლოებანი. ამაში თემურის ბედმა გაუღიმა. სასწავლებელში მას კარგი პედაგოგი–ქორეოგრაფები ასწავლიდნენ. ბატონი თემური დღესაც დიდი სიყვარულით იგონებს მის პირველ პროფესიონალ მასწავლებლებს გივი კაჭარავას, ჯუმბერ ლომთათიძეს, ალექსანდრე ჯიჯეიშვილს და სხვებს.

IMG 5634   ბათუმის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებლის ქორეოგრაფიული განყოფილების დამთავრების შემდეგ თემურ ბიბილეიშვილი იწყებს მუშაობას აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახ.ანსამბლში მოცეკვავე მსახიობად, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი საქართველოს დამსახურებული არტისტი მირიან ჩხიკვიშვილი და საქართველოს დამსახურებული არტისტი ენვერ ხაბაძე. აქ მუშაობის პერიოდში თემურიმ მიიღო პროფესიული წრთობა, რამაც, როგორც თვითონ ამბობს დიდად შეუწყო ხელი მის შემდგომ შემოქმედებით მუშაობაში და სერიოზული კოლექტივების ჩამოყალიბებაში. სწორედ სახელმწიფო ანსამბლში მუშაობის შემდეგ მკვეთრად გამოიხატა თემურ ბიბილეიშვილის როგორც ქორეოგრაფის შემოქმედებითი სახე. ის იმთავითვე ჩამოყალიბდა არა როგორც მხოლოდ სოლისტი–შემსრულებელი, არამედ როგორც დამდგმელი ქორეოგრაფი, ვისაც ბუნება სხვებისაგან განსხვავებით დამატებით გამორჩეულად უბოძებს მოაზროვნის, ორგანიზატორის, ლიდერისა და პედაგოგის ნიჭს. თემურ ბიბილეიშვილი შემოქმედი ქორეოგრაფის ყველა აუცილებელი ნიჭით და უნარით დაჯილდოებული ოსტატი აღმოჩნდა. მისი შემოქმედებითი კარიერა დაიწყო საშუალო სკოლების მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსამბლებიდან. ასწავლიდა ხელვაჩაურის რაიონის ჩაისუბნის საშუალო სკოლაში, შემდეგ ქალაქის #5 , #16 ,#22 საშუალო სკოლებში. თემურ ბიბილეიშვილის ხასიათის ორიგინალურ გამოვლინებად მიგვაჩნია მისი მონოლითური დამოკიდებულება შემოქმედებითი პროცესისადმი. ის, როგორც შემოქმედი, არასდროს კარგავს სულიერ წონასწორობას როგორც მარცხის, ისე წარმატებების შემთხვევაში. თემურ ბიბილეიშვილის ქორეოგრაფიულ–პედაგოგიურ ი მოღვაწეობა განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოვლინდა ჯერ ქ.ბათუმის #22 , ხოლო შემდეგ #16 საშუალო სკოლებში. აქ დადგა მან ორიგინალური ხელწერით გამორჩეული ცეკვები „ხორუმი“ და „განდაგანა“.

   1980 წლებში ქ.ბათუმის #16 საშუალო სკოლის დირექტორმა ბატონმა ზურაბ კომახიძემ ბატონი თემური მიიწვია მოსწავლეთა თვითმოქმედი ანსამბლის ხელმძღვანელად. „ეს პერიოდი ჩემი მუშაობისა,_ იგონებს ბატონი ზურაბ კომახიძე, _დაუვიწყარია იმიტომ, რომ სკოლაში აღმავლობის გზაზე შემდგარმა თვითმოქმედებამ მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა მთლიანად სასწავლო–აღმზრდელობითი მუშაობა მთელ სკოლაში. მოსწავლეთა თვითმოქმედი კოლექტივების საქალაქო, საოლქო და რესპუბლიკურ ფესტივალებზე ოქროს მედლებით მკერდდამშვენებული მოსწავლეები სიამაყით ატარებდნენ „მეთექვსმეტე სკოლელის“ პრესტიჟულ სახელს. ქალაქის ყველა კუთხიდან ცდილობდნენ მშობლები ჩვენს სკოლაში მოეყვანათ შვილები. ამისათვის არად აგდებდნენ სკოლამდე გამოსავლელ დიდ მანძილს და დროს. ეს პრესტიჟი სკოლას, სხვა ღირსეულ პედაგოგებთან ერთად, შეუქმნა ბატონმა თემურ ბიბილეიშვილმაც. საშუალო სკოლებში პრაქტიკული და შემოქმედებითი მუშაობით გამდიდრებული პედაგოგი თემურ ბიბილეიშვილი 1982 წელს მიიწვიეს მასწავლებლად ბათუმის კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებელში, სადაც ის წლების წინ აღმოჩნდა და ახლა პედაგოგის მოვალეობა უნდა შეესრულებინა როგორც ქართული ცეკვების მასწავლებელს. 1985 წლიდან კი ქორეოგრაფი თემურ ბიბილეიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების მაშინდელმა მინისტრმა ,ცნობილმა მოღვაწემ და განმანათლებელმა ვახტანგ წულუკიძემ მიიწვია განათლების სამინისტროს მოსწავლეთა მხატვრული აღზრდის კაბინეტის მეთოდისტად. ეს იყო თემურ ბიბილეიშვილის როგორც ხელოვანისა და პედაგოგის ნამდვილი აღიარება. ბატონმა თემურიმ ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებსა და რაიონულ განყოფილებებს დიდი სამსახური გაუწია ბავშვთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებისა და აღზრდის საქმეში. მის სახელთან იყო დაკავშირებული ცოცხალი საქმე ბავშვთა ნიჭის გამოვლენისა და საშემსრულებლო ტექნიკის დაუფლებაში. პედაგოგებთან მუშაობაში კი სწორედ ცოცხალი საქმე და მაგალითია ყველაზე მეტად სანდო მეთოდისტი. მასწავლებელს სჭირდება არა მხოლოდ კარნახი „უნდა გააკეთო“ არამედ ცოცხალი მაგალითი–„როგორ უნდა გააკეთო“ ბატონი თემურ ბიბილეიშვილი, როგორც მეთოდისტი ,უჩვენებდა „როგორ უნდა გააკეთო“.

   თემურ ბიბილეიშვილის, როგორც შემოქმედი ქორეოგრაფის, სახელი სულ უფრო ავტორიტეტული ხდებოდა აჭარასა და მის ფარგლებს გარეთ. მას ხშირად იწვევდნენ და ახლაც იწვევენ ხალხური ცეკვების დამდგმელ ქორეოგრაფად საქართველოს დედაქალაქ თბილისში. თამაზ გოგოტიშვილის ანსამბლში დადგა ცეკვა „განდაგანა“. მოსწავლეთა სასახლის ქორეოგრაფიულ სტუდიაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა თამაზ ჟორჟოლიანი ,განახორციელა ცეკვა „ხორუმი“. ასევე დადგა ცეკვები ქუთაისსა და ზუგდიდში. თემურ ბიბილეიშვილმა ცეკვები დაუდგა მეზობელ თურქეთის ქ. ანკარაში მოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლს, ასევე რუსეთის ფედერაციის ყაბარდო –ბალყარეთის ხალხური ცეკვების აკადემიურ ანსამბლ „კაბარდინკას“. თემურ ბიბილეიშვილს ხშირად იწვევენ კონსულტანტად საქართველოს ქალაქებში.

211   1989 წელს თემურ ბიბილეიშვილი ინიშნება აჭარის მელიტონ კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფად, 1992 წლიდან კი ამ ანსამბლის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. ეს საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა აღმოჩნდა როგორც სახელმწიფო ანსამბლის ისტორიაში, ისე პირადად თემურ ბიბილეიშვილის ქორეოგრაფიულ მოღვაწეობაში.

   1990 წელს განხორციელდა ანსამბლის რეორგანიზაცია. გადახალისდა რეპერტუარი, მოიწვიეს ახალგაზრდა შემოქმედებითი ძალები. 7 თვის მანძილზე მომზადდა ხალხური ქორეოგრაფიის ჭეშმარიტად უკვდავი მარგალიტების „ხორუმის“, „განდაგანას“, „ფერხულის“, „სამაიას“, „მთიულურის“, „სვანურის“, „ლაზურის“, „ფარიკაობის“, „ხევსურულის“, „ხანჯლურის“ განახლებული დადგმები. მომზადდა ახალი შესრულება სიმღერებისა „აჭარული მაყრული“, „მრავალჟამიერი“, „ხასანბეგურა“, „სატრფიალო“, „მირანგულა“, „კუჩხი ბედინერი“, „ოდოია“, „თამარ ქალო“ და სხვა.

   1990 წლის 4 აპრილს დაინიშნა პრემიერა. მოიწვიეს საქართველოს დედაქალაქის წამყვანი მოღვაწეები, ესენი იყვნენ: რეზო ჭოხონელიძე, ჯემალ ჭკუასელი, ბესიკ სვანიძე, რეზო ჭანიშვილი, თამაზ ჟორჟოლიანი და ბორის მუნჯიშვილი, რომლებმაც ერთხმად აღიარეს ანსამბლის ახალი დონე და შემოქმედებითი წარმატებები. აჭარის მ.კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი , რომლის საშუალო ასაკი 17–18 წელს არ აღემატებოდა , სწორ გზაზე დადგა და პერსპექტიული ანსამბლის სახით ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ დაიწყო ანსამბლის საგასტროლო ტურნეები საზღვარგარეთ. პრემიერიდან 6 – დღეში ანსამბლი გაემგზავრა პოლონეთის რესპუბლიკაში საგასტროლოდ. სწორედ აქედან დაიწყო ანსამბლის განვითარებაში ახალი ეტაპი. პოლონეთში გასტროლების დროს ანსამბლი წარსდგა ქალაქების: ვარშავის ,კრაკოვის ,ვროცლავის და პოზნანის მაყურებელთა წინაშე. ანსამბლმა გასტროლებით მოიარა ირანის სილამური რესპუბლიკა , იტალია , ორჯერ ესპანეთი , გერმანია , პოლონეთი , კვი პროსი და საფრანგეთი. საინტერესო იყო ანსამბლის გასტროლები თურქეთის ქალაქებში (ანკარა, იზმირი, სელჩუკი,უშაკი, სტამბული, გირესუნი, სამსუნი, ტრაბზონი). 1990 წელს წარმატებით გამოვიდა ანსამბლი კვი პროსის ქალაქებში (ლევკოშასა და გირნესში). 1996 წელს ქართული ხალხური ცეკვებით მოხიბლა გერმანიის ქალაქ ოფენბურგის მაყურებელი. აქ ათი კონცერტი გამართა ანსამბლმა გართობისა და დასვენების „ევროპა პარკში“. 1997 წელს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ფართო და მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგა პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქების მაყურებელთა წინაშე. ამ გასტროლების დროს ანსამბლის მხატვრული ოსტატობის შესახებ ვრცლად წერდნენ მსოფლიო პრესის ფურცლებზე როგორიცაა „ეჰენგი“ (ირანი) „ვაშინგტონ თაიმსი“ (ა.შ.შ.) „ყარა დენისი“ (თურქეთი). თემურ ბიბილეიშვილის ქორეოგრაფიული მოღვაწეობის ე.წ. „სავიზიტო ბარათად“ არის აღიარებული „ხორუმი“ და „განდაგანა“.

44    2002 წლის შემოდგომიდან ახალი ეტაპი იწყება აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის დავალებით ანსამბლთან შეიქმნა 300–კაციანი ბავშვთა სახელმწიფო ქორეოგრაფიული ჯგუფი, რომელიც მომავალში სახელმწიფო ანსამბლს და ქორეოგრაფიულ კოლექტივებს მოუმზადებდა მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდა შემსრულებლებს (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ქვემოთ). ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში თვალსაჩინო დამსახურებისათვის თემურ ბიბილეიშვილს 1987 წელს მიენიჭა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება, 1999 წელს დაჯილდოვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით. ბატონი თემურ ბიბილეიშვილი ღირსების ორდენის კავალერია.