RT Crystalline - шаблон joomla Mp3

საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი

"ხორუმი"

NNN4539    ანსამბლი შეიქმნა 2002 წელს ქალაქ ბათუმში, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ცნობილი ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ქართული ეროვნული ქორეოგრაფიის აკადემიის წევრი თემურ ბიბილეიშვილი. ანსამბლმა "ხორუმმა" ქართული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, როდესაც მან წარმოადგინა პირველი პრემიერა კონცერტი. ანსამბლს ახასიათებდა მასიურობა, თემატური მრავალფეროვნება, მხატვრული კოსტუმირება, სრულყოფილი მუსიკალური ბენდის თანხლება, თითოეული მოცეკვავის დახვეწილი სასცენო კულტურა და მაღალი ოსტატობით შესრულებული ცეკვები - "ქართული", ვაჟთა მოხეური, აჭარული სატრფიალო - "განდაგანა",  "ხორუმი", ქალთა "ნარნარი", ხევსურული "ფარიკაობა", აფხაზური "შარათინი", ოსური "სიმდი", ქალაქური ფოლკლორული "კინტოური", აჭარელ ქალთა "გოგმანი",  "ხანჯლური", მთიელ ქალ-ვაჟთა "შეჯიბრი", სვანური "ცერული", ყაზბეგური "ფერხული", "სამაია" და "ლაზური". პრემიერას ესწრებოდნენ ქართული ქორეოგრაფიის გამოჩენილი მოღვაწეები, მოცეკვავეები, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები, რესპუბლიკის მთავრობის წევრები და საზოგადო მოღვაწეები. კონცერტის დამთავრების შემდეგ ხელოვნების მესვეურებმა გამოთქვეს მრავალმნიშვნელოვანი შეფასებები და ბოლოს ჩამოყალიბდა ერთობლივი აზრი, რომ ეს ქართული ანსამბლი უნდა იხილოს სრულიად მსოფლიომ.

   მას შემდეგ დღემდე 12 წლის განმავლობაში ანსამბლმა იმოგზაურა აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 38-ჯერ. მას აქვს კონცერტები ჩატარებული საქართველოში ჩამოსული ისეთი მაღალი რანგის სტუმრების საპატივცემულოდ, როგორებიც იყვნენ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი - ჟოზეფ ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი - ჰილარი კლინტონი, სენატორი - ჯონ მაკეინი, მსოფლიო ტენორი - დომინგო პლაჩიდო, ხულიო იგლესიასი, პოლონეთის პრეზიდენტი - ლეხ კაჩინსკი, ჩეხეთის პრეზიდენტი - მილოშ ზემანი, უკრაინის პრეზიდენტი - ვიქტორ იუშენკო.

IMG 5633   ანსამბლ "ხორუმს" საერთაშორისო კონკურსებზე მოპოვებული აქვს 5 გრან-პრი, აქედან 2 იტალიაში - აგრიჯენტოსა და კასტროვილარში, რუმინეთში, თურქეთსა და საფრანგეთში.

  სტატისტიკის მიხედვით ანსამბლ "ხორუმის" მიერ ჩატარებული კონცერტები ნახა 20 მილიონამდე უცხოელმა მაყურებელმა, ხოლო სატელევიზიო გადაცემებით მსოფლიოს მოსახლეობის ერთმა მესამედმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უცხოეთში ყოველი კონცერტის შემდეგ მაყურებელთაგან ბევრს უჩნდება სურვილი ჩამოვიდეს საქართველოში და საკუთარი თვალით ნახოს ქვეყანა, სადაც ეს ვირტუოზები იბადებიან, იზრდებიან, ვითარდებიან და ახდენენ სასწაულებს.

   ანსამბლში გაერთიანებულია 80-მდე ექსტრა კლასის მოცეკვავე, რომელთა საშუალო ასაკი 18-19 წელია.